
გამოკითხულთა 76% სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას განხილვის ვადების შემჭიდროვებაში ხედავს, - ამისი შესახებ ინფორმაციას BAG ავრცელებს.
BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 33.4% სასამართლო სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაშინ როცა 39.2%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ჯამურად არაეფექტიანი ან/და ძალიან არაეფექტიანია.
„ბიზნეს ოპერატორების აღნიშნული შეფასება აჩვენებს, საკმაოდ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რომელიც ხელისუფლების მესამე შტოს მიმართ ბიზნესს აქვს.
გარდა ეფექტიანობისა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, ასევე, შეაფასეს სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი. როგორც კვლევამ გამოავლინა, ნდობის მხრივ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ბიზნესის დამოკიდებულება კიდევ უფრო უარყოფითია, კერძოდ, ჯამურად კომპანიების 50%-ს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ან დაბალი ნდობა აქვს ან საერთოდ არ ენდობა.
კვლევის ფარგლებში ბიზნეს ოპერატორების წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს კითხვას თუ სად ხედავენ სასამართლო სისტემის საქმიანობის გაუმჯობესების საჭიროებას. აღნიშნულ კითხვაზე პასუხებიდან ყველაზე ხშირად სასამართლოში განხილვის ვადების შემჭიდროვება, ბიზნეს დავებთან დაკავშირებით მოსამართლეთა კომპეტენციის ამაღლება, სასამართლო პროცედურების გამარტივება და მოსამართლეთა მიუკეძოებლობის ხარისხის ზრდა დასახელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share