1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:52:59

სებ-ი: 2017 წლის მეორე კვარტალში ქართულ ექსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და შესაბამისად  ქართულ ექსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების კვალ და¬ კვალ საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 2017 წლის მეორე კვარტალში წლიურად 30.0%-ით გაიზარდა.

„მნიშვნელოვანად არ შეცვლილა ექსპორტის სტრუქტურა. 2017 წლის მეორე კვარტალში ზრდაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ შუალედური და სამომხმარებლო საქონლის ექსპორტს უკავია. კერძოდ, გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობების და ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი. 2017 წლიდან გაზრდილ ექსპორტზე საუბრისას, საინტერესო და მნიშვნელოვანია გადავხედოთ ექსპორტის გეოგრაფიასაც. რუსეთში და თურქეთში, ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე, გაიზარდა ექსპორტის მოცულობაც. 2017 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა რუსეთსა და თურქეთში საშუალოდ 5% და 17%-ით არის გაზრდილი. ასევე აღსანიშნავია, რომ გაზრდილია ექსპორტი ჩინეთისა და ირანის მიმართულებით. 2017 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტი საშუალოდ 40%-ით, ხოლო ირანში 16% არის გაზრდილი. 2017 წლის მეორე კვარტალში, საქონლის რეგისტრირებული იმპორტი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, იმპორტი გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან.

„ საქონლის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედურ და სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნის მატებამ განაპირობა, რაც შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. აღნიშნულ პერიოდში შუალედური საქონლის იმპორტი საშუალოდ მთლიანი იმპორტის 41%-ს, ხოლო სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მთლიანი იმპორტის საშუალოდ 43%-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება იმპორტის სტრუქტურას ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2017 წლის მეორე კვარტალში, სამომხმარებლო საქონლის იმპორტიდან მნიშვნელოვანი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის მატება, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. იმპორტის ზრდაზე ასევე გავლენა იქონია სატელეფონო აპარატებზე და მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნის მატებამ“,-ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტალში აღსანიშნავია საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების, განსაკუთრებით კი ტურისტების რაოდენობის ზრდა.  კერძოდ, ბანკის მონაცემებით, ივნისში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 29%-ით მოიმატა, თუმცა მკვეთრად (64%–ით) გაიზარდა საჰაერო ტრანსპორტით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავენ.

„ შედეგად, ივნისში ტურისტული შემოსავლები წლიურად 43%-ით გაიზარდა.2017 წლის მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა 657.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%–ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალთან შედარებით დაჩქარდა ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპი. მზარდი ტენდენციით ხასიათდება ასევე ფულადი გზავნილების დინამიკა. 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გადმორიცხვების მოცულობა 17.6%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად რუსეთიდან და ისრაელიდან გადმორიცხვების მატების ხარჯზე მოხდა. იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან სწრაფი ფულადი გადმორიცხვების მოცულობა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საბერძნეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან გადმორიცხვებს. ფულადი გზავნილები იზრდება ასევე აშშ-დან და თურქეთიდან“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

Share