
"საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
ლეჟავას თქმით, აღნიშნულის მიუხედავად პანდემიით გამოწვეულმა შოკმა გამოწვევების წინაშე დააყენა სექტორი.
"სწორედ წინა წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, როგორებიცაა კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების გაზრდა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დანერგვა და საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და შოკის მიტიგაციისთვის კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები ჰქონდა დაგროვებული. თუმცა, პანდემიის გავრცელებამ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. პირველ რიგში, საბანკო სექტორის სიჯანსაღის მიუხედავად, არსებული შოკის დონე საკმაოდ მაღალია. საწყის თვეებში ბაზარზე გაურკვევლობის მნიშვნელოვან ზრდას შეიძლებოდა ხელი შეეშალა ფინანსური შუამავლობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის და დამატებით გაეძლიერებინა შოკი. გარდა ამისა, მაღალი იყო საოპერაციო რისკი. ამ გამოწვევების საპასუხოდ და რეალური ეკონომიკის დაკრედიტების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ბანკებს კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკრედიტო დანაკარგების უფრო ადვილად განეიტრალება სწორედ ამ ბუფერების გამოყენებით შეძლეს. დამატებით, მეტი მოქნილობა გაჩნდა ლიკვიდობის მართვაში და მნიშვნელოვნად გაფართოვდა ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ჯერ არ დასრულება, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დროულად განხორცილებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური სექტორი შეძლებს შოკის უარყოფითი ეფექტების მიტიგაციას და - უფრო მეტიც - ის ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას", - განცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share