-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:50

ფრანგი ექსპერტები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით გამოცდილებას უზიარებენ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

 „საქართველოს რკინიგზას“ საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტები სტუმრობენ. ფრანგი სპეციალისტები TAIEX (Technical Assistance Information Exchange) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ფრანგი და ქართველი რკინიგზელების ძირითადი განხილვის თემა 34-ე ევროდირექტივაა, რომელიც რკინიგზის სტრუქტურულ რეფორმას ეხება. საფრანგეთის რკინიგზის მაღალჩინოსანთა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელთა შეხვედრები  ორმხრივი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

„საქართველოს რკინიგზის“ კოოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის, აკაკი საღირაშვილის  განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში  ქართულმა მხარემ ვალდებულება იკისრა, ევროპული დირექტივები ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე კონკრეტულ რეკომენდაციებს ეძღვნება.

„მოგახსენებთ, რომ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, TAIEX -ის გრანტის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ საფრანგეთის რკინიგზის წამყვანი ექსპერტები და მათ გაგვიზიარონ  გამოცდილება ევროდირექტივების დანერგვის თვალსაზრისით.  როგორც იცით ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ იკისრა ვალდებულება ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს ევროპული დირექტივები და რეგულაციები. მათ შორის, სამი რეგულაცია რკინიგზას ეხება, საერთო ჯამში 8 ნორმატიული აქტი არის დასანერგი.  დღევანდელი შეხვედრა, გუშინდელი და უკვე სამი დღეა მიმდინარეობს ეს ვორქშოპი. ეძღვნება ძირითადად 34-ე დირექტივის საინტერესო საკითხებს, ასევე  ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ  ე.წ. მეოთხე სარკინიგზო პაკეტის ცვლილებებს. ჩვენ ამ დირექტივის დანერგვა გვიწევს 2021 წლისთვის. პირველი დღე დაეთმო რკინიგზის სიტუაციის გარკვევას, შესწავლას მათ მიერ, როგორც საკანონმდებლო, ასევე სტრუქტურულ დონეზე. დღევანდღელი დღე ეძღვნება კონკრეტულ რეკომენდაციებს რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არის მნიშნელოვანი ამ დირექტივის დანერგვის დროს“,-განაცხადა აკაკი საღირაშვილმა“,-აღნიშნა საღირაშვილმა.

თავის მხრივ, ფრანგმა ექსპერტმა ფრედერიკ პარდემ  აღნიშნა, რომ არსებობს ფანტასტიური შესაძლებლობები, კომპანია  საერთაშორისო დონეზე გავიდეს, თუმცა, მისივე თქმით, ეს იოლი არ არის.

„მსოფლიო გლობალური ხდება. ყველა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა ახალ რეალობასთან  ადაპტირება უნდა მოახდინონ. შესაბამისად, ევროკავშირის ჩარჩო განვითარების საინტერესო პერსპექტივას იძლევა საერთაშორისო დონეზე. არსებობს ფანტასტიური შესაძლებლობები, კომპანია რომ საერთაშორისო დონეზე გავიდეს. თუმცა, ეს იოლი არაა. ამას დრო სჭირდება. ჩვენ საფრანგეთში საამისოდ 20 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ავუხსენით, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რთული პროცესია, თუმცა საინტერესო სამუშაოა“,-განაცხადა ექსპერტმა.

„საქართველოს რკინიგზის“  თანამშრომლები კონსულტაციებს ევროპის ერთ-ერთი  ყველაზე წარმატებული მოდელის- საფრანგეთის რკინიგზის წარმომადგენლებისგან იღებენ. აღნიშნული მისიის ამოცანა, ასევე გამოცდილების გაზიარების შედეგად, ახალ სტრუქტურებზე გადასვლას ისახავს მიზნად.

 

(NS)

Share