
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ასოციაცია თავად ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ასოციაცია მოითხოვს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ასეულობით ბიზნეს კომპანიის ინტერესებისა და თხოვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად შემოიღო, გარკვეული პერიოდით დამატებით უნდა გაგრძელდეს.
ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ გამოწვევებს, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,
საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;
ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.
გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.
ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს ყველა მხარესთან, რათა ძალიან სწრაფად, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share