
"ვაქცინის გამოჩენა ეკონომიკის გახსნას დააჩქარებს", ამის შესახებ ინფორმაცია, Galt & Taggart-ის გლობალური ბაზრის კვირის მიმოხილვაშია მოცემული.
მისი მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რამაც ბაზრებზე ზრდას შეუწყო ხელი.
"Pfizer–ის მიერ კორონავირუსის ეფექტური ვაქცინის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ მსოფლიო კაპიტალის ბაზრების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია ნოემბრის პირველ ნახევარში.
გუშინ კაპიტალის ბაზრებზე დადებითი გავლენა იქონია ასევე Moderna-ს ვაქცინის შესახებ ინფორმაციამ, რომლის ეფექტურობა 94.5%-ია და კიდევ უფრო გაიზარდა იმ აქციების ფასები, რომლებიც ეკონომიკის გახსნასთან არიან დაკავშირებული.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რამაც ბაზრებზე ზრდას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგად, დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
შესაბამისად, ეს შეზღუდავს დემოკრატების შესაძლებლობას გაზარდონ გადასახადები, ხოლო რესპუბლიკელები გააკონტროლებენ სტიმულირების პაკეტის ზომას.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ
ინვესტორები ტექნოლოგიური კომპანიებიდან, რომლებიც აქამდე ყველაზე
მოთხოვნად აქტივებს წარმოადგენდნენ, უფრო ციკლურ სექტორებზე გადაერთდნენ. შესაბამისად, Zoom-მა და Netflix-მა ნოემბრის პირველი ნახევარში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
ვაქცინების შესახებ სიახლეებმა ეკონომიკების გახსნის მოლოდინები გაზარდა.
შედეგად მოთხოვნა გაიზარდა ისეთ სექტორებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
გაიზარდა ავიაკომპანიების, ტურისტული ბიზნესების, თვითმფრინავების მწარმოებლების აქციების ღირებულება.
ასევე დადებითი შედეგი აჩვენეს ენერგეტიკისა (ნავთობის ფასის მატების გამო) და საბანკო (ბანკების აქციები 20%-ით გაიზარდა) სექტორებმა.
საერთო ჯამში, აშშ-ის კაპიტალის ბაზრებმა ნოემბრის პირველ ნახევარი დადებითი შედეგებით დაასრულეს. S&P 500 (აშშ-ს 500 უმსხვილესი კონმპანიის ინდექსი) 9.6%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც გაიზარდა ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული NASDAQ-ის ინდექსი, რომელიც ნოემბრის პირველ 2 კვირაში 8.4%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდში მნიშვნელოანი - 12%-იანი - ზრდა აჩვენეს ევროპულმა ინდექსებმა, როგორიცაა STOXX 600 და FTSE 250.
ამერიკასა და ევროპაში COVID–ის შემთხვევები ზრდას განაგრძობს. აშშ-ში
შემთხვევის რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა, ყველაზე სწრაფი ზრდა
კალიფორნიის შტატში ფიქსირდება, სადაც ჯამური შემთხვევების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (მეორე შტატი ტეხასის შემდეტ 1მლნ-ზე მეტი შემთხვევით).
ევროპაში მკაცრი შეზღუდვები ნარჩუნდება და ასეთი ქვეყნების რიგს საბერძნეთი და ავსტრიაც შეუერთდა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
(R)
Share