
დასაქმების მსურველების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, მაგრამ ასევე იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრზე. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვაკანსიის ძიებისას სწორად ვერ ვაფასებთ კომპანიის შესაძლებლობებს, ორგანიზაციულ კულტურას და მიდგომებს დასაქმებულების მიმართ, ადგილზე კი იმედი გვიცრუვდება. ვაკანიის შინაარსი გადამწყვეტ როლს თამაშობს და ავლენს კომპანიის მიდგომებს მომავალი თანამშრომლის მიმართ. შესაძლოა თქვენთვის დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა ვაკანსიით დაინტერესება საჭირო არ არის. წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ ვაკანსიის წაკითხვისას რას მიაქციოთ ყურადღება, რათა სამომავლოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.
1. გაიცანით კომპანია
თუ ვაკანსიაში არ არის მითითებული კომპანიის სახელი, ეს ვაკანსია უკვე საეჭვოა. წესიერი დამსაქმებელი თავადაც დაინტერესებულია იმით, რომ გასაუბრებამდე გაგეცნოთ. ეცადეთ მოიძიოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, დაათვალიეროთ საიტი, გაეცნოთ მიმდინარე პროექტებს, ჩაინიშნოთ თქვენი მოსაზრება საკუთარი პროფესიული ხედვიდან გამომდინარე.
2. დეტალურად გაეცანით კომპანიის აღწერას.
ყველა ვაკანსია იწყება კომპანიის აღწერით. დააკვირდით როგორ აღწერს კომპანია თავის თავს, როგორ პოზიციონირდება ბაზარზე და რამდენად რეალისტურია ეს აღწერა. წარმოიდგინეთ რომ კომპანია არის ადამიანი რომელთანაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა ითანამშრომლოთ, მოგინდებოდათ ესეთ ადამიანთან თანამშრომლობა და რამდენად კომფორტული იქნებოდა თქვენთვის უკვე თავად თქვენი გადასაწყვეტია.
3. დეტალურად გაეცანით პროფესიულ მოთხოვნებს
ვაკანსიაში ჩამოთვლილი მოთხოვნები ფაქტობრივად დამქირავებლის საბუთია, რომლის მიხედვითაც შეგაფასებენ. დააკვირდით ამ მოთხოვნებს, რამდენად ადეკვატური და სამართლიანია თქვენთვის სასურველი პოზიციისთვის, ისეთ კომპანიაშ დასაქმება კარგს არაფერს მოგიტანთ, სადაც თქვენი შრომა არ დაფასდება, ან იმაზე მეტის კეთება მოგიწევთ ვიდრე იცით.
4. კომპანიის ბენეფიტები
ზოგიერთი ვაკანსია ასევე მოიცავს იმ ბენეფიტების ჩამონათვალს რომელსაც კომპანია გთავაზობთ. ასეთების არსებობის შემთხვევაშ უკვე გაგიმართლათ, ქართულ ბაზარზე მხოლოდ ბოლო დროს გამოჩნდა ეს კულტურა, თუმცა შედარებით უფრო მაღალი ორგანიზაციული კულტურის მქონე ქვეყნებში კომპანია ვალდებულია იზრუნოს თავის გუნდზე და შესთავაზოს ისეთი მინიმალური პირობები როგორიცაა: დაზღვევა, კვების და დასვენების საშუალება, განვითარების და განათლების პერსპექტივა და ა.შ.
თქვენს წინაშე არსებული ვაკანსია ყოველთვის მოგცემთ საშუალებას ის მინიმალური ინფორმაცია მიიღოთ კომპანიის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმებაში. დასაქმება ყველასთვის ძალიან სასურველი და მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარი თავის ფასის ცოდნა, დაფიქრებით მიდგომა და საკითხოის შესწავლა სხვა აპლიკანტებთან შედარებით უპირატესობას მოგცემთ.
Share