
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და „პურის მრეწველთა კავშირი“ მთავრობას სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა პურის ფასი შენარჩუნდეს.
ამის შესახებ განცხადებას „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული ვითარება.
„საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. 200 $/ტონა-დან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით 12-15$-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება 270 $/ტონა ნიშნულს.
მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი 270$/ტონა. შესაბამისად ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას“ და „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს“, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისაკენ.
ჩვენი მხრივ კვლავ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებლი იქნას ფქვილზე და პურზე სტაბილური ფასები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share