
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტების მთავარი ამოცანა კომპანიების გადარჩენა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მუდმივად ვსაუბრობდით იმ სირთულეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შეზღუდვების გეგმის გამოცხადებამდე პანდემიის მეორე ტალღის შედეგად შეექმნა ბიზნესს. გლობალური პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტების მთავარი ამოცანა კომპანიების გადარჩენა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა.
აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილმა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტმა გაითვალისწინა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონკრეტული შეთავაზებებიც, რომლებიც როგორც ხელისუფლებასთან დისკუსიების დროს ასევე საჯარო სივრცეში ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დამატებითი შეზღუდვების გეგმა ეკონომიკის მხოლოდ გარკვეულ სექტორებს ეხება, თუმცა 750 ლარამდე ხელფასების შემთხვევაში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლებით, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი განთავისუფლებით უკლებლივ ყველა კომპანია ისარგებლებს განურჩევლად სექტორისა.
ამასთან, ავღნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ შეზღუდვების პარალელურად წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი არის მხოლოდ ის მინიმუმი, რომელიც დღეს აუცილებელია ბიზნესისთვის და შეიძლება ბოლომდე ვერ ითვალისწინებდეს მის საჭიროებებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share