
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
„ბოლო თვეებში წლიური ინფლაცია 3.8 პროცენტის დონეზეა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან ახლოს იმოძრავებს. ინფლაციის დინამიკას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გავლენა მომავალ წელსაც შენარჩუნდება. თუმცა, საგულისხმოა 2020-2021 წლებში პანდემიასთან გამკლავების მიზნით გაზრდილი სოციალური და ეკონომიკის მხარდამჭერი ფისკალური ხარჯების როლი ერთობლივი მოთხოვნის წახალისებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, პანდემიის ფონზე დამატებითი შეზღუდვებით გამოწვეული წარმოების ხარჯების ზრდა. კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში მიიღო ის გაურკვევლობა, რომელიც გახანგრძლივებულ პანდემიასთან და გლობალურად მოქმედ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის გამო მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა ლიმიტირებულია. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება შესაძლოა უფრო ხანგრძლივად გახდეს საჭირო, რაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ეკონომიკური მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდის საჭიროებას გამორიცხავს“, - აცხადებენ სებ-ში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share