2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:55:51

ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა

By: Admin
2020-12-16 13:10:56
204

ლევან დავითაშვილი - „ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”

„COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”, ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

„სიტუაცია ძალიან რთული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება,  რაოდენობაში გაყიდვებისა და ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები და გამოვასწოროთ მდგომარეობა. ღვინის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება და ვფიქრობ, ეს არავისთვის არის გასაკვირი. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის საყოველთაო მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში დადგა“ ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, ქართული  ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად,  მარკეტინგული აქტიობები დისტანციურ ფორმატებში, ონლაინ-დეგუსტაციებისა და ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით გაგრძელდა, გააქტიურდა  რეკლამები ღვინის ონლაინ-საცალო გაყიდვების რეიტინგულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, ტელევიზიებსა და რადიოებში, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები სხვადასხვა სოციალური მედიაში.

შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის 1500-მდე ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტიორებთან.

ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის აღდგენისთვის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება. სააგენტო ტყეპარკში, მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს.

ხეების უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობისაგან პარკის დაცვის მიზნით, კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა.

ტყეპარკში 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF, პროგრამა "მტკვარი 2, UNDP) მიერაა დაფინანსებული.  გამომუშავებული ელექტრო ენერგია განსაზღვრულია სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, ჭალის ტყის საირიგაციო სისტემების, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსებისა და საკუთრივ ტყეპარკის გზებისა და ბილიკების განათებისათვის.

ტყეპარკში,  მდინარე მტკვარზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ დაპროექტებული სარწყავი წყლის სატუმბი სადგური უახლოეს მომავალში განთავსდება. ასევე, კრწანისის ტყეპარკში მიმდინარეობს ვეური ბუნების სააგენტოს სათაო ოფისის მშნებლობა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულამდე დასრულდება.  ველური ბუნების სააგენტოს მიერ კრწანისის ტყეპარკის შესასვლელში ავტოსადგომი მოეწყო და დაცვის სამსახური განთავსდა.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყეპარკი წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას და იგი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით. ტყეპარკში დაგეგმილია „მწვანე საბჭოს” საკონფერენციო დარბაზისა და წითელი ნუსხის სახეობების დენდრო პარკის გაშენება.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” - ახალი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრმა შეიმუშავა ახალი პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში’’, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, კერძოდ - დაწყებით საფეხურზე. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლებში”, რომელიც  ცენტრის მიერ დაწყებული გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშემწყობი პოლიტიკის გაგრძელებას  წარმოადგენს და მოიცავს ორივე სფეროსათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.

სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა სკოლისათვის, შესაბამისად გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება თანაბრად შესაძლებელი იქნება როგორც მსხვილ ქალაქებში, ისე საქართველოს ყველა სოფელში.

ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდა

ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სოფლის მეურნეობის ეფექტიანი და მდგრადი განვითარებისთვის.  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე აქტიურად უწყობს ხელს ფერმერთა შესაძლებლობების გაზრდას აგრარული განათლების ხელშეწყობის გზით.

ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს, რომლიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ქვეყნის სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი პრიორიტეტული მიმართულებები, რის შემდეგადაც შემუშავდა ტრენინგ-პროგრამა და ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი ფერმერებისთვის.

პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარის რვა მუნიციპალიტეტში 123 ფერმერს  ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები”, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გააცნეს მარცვლოვანი კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები.

სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში 286 ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგები თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს დარგის სპეციალისტებმა გაუზიარეს გამოცდილება თხილის წარმოების აგროტექნოლოგების, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების, მოსავლის აღებისა თუ შენახვის პირობებისა  და მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე  ტექნოლოგიების შესახებ.

იმერეთის რვა მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ხარაგაული) 160-მდე ადგილობრივი მეფუტკრისთვის გაიმართა ტრენინგები თაფლის წარმოების და ფუტკრის ოჯახის მოვლის შესახებ, რომლის ფარგლებში მეფუტკრეები გაეცნენ ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახის მოვლის ტექნოლოგიურ რუკას და მეურნეობის დაგეგმვის მნიშვნელობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს აგრარული განათლების ხელშეწყობას და გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ფერმერთა შასაძლებლობების გასაძლიერებლად.                                                                                                

2020 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წელს, გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი, მათ შორის, 367 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების თანხამ, ჯამში, 1 602 800 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ  3 758 345 ლარი შეადგინა. 2020 წელს, რეგულირების ობიექტების 1547 ინსპექტირება განხორციელდა, მათ შორის, 46 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.  

საწარმოებისა და ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების შემოწმების მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ ისინი ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს. 

მასშტაბური სახე მიიღო პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესმა, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და  შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი.

2020 წელს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა 20 შემოწმება. აღსანიშნავია, რომ შემოწმებების შედეგად გარემოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმის ინტროდუქციის ფაქტი არ გამოვლინდა.

გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევა, მიწოდების პროცესში და აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მინიმუმადე შემცირდება არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავისთავად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, 280 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან საწვავის 344 სინჯია აღებული. ჯამში, დიზელისა და ბენზინის მხოლოდ 33 სინჯი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით   გათვალისწინებულ ნორმებს.

დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 2020 წელს, გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) შევიდა 2 592 შეტყობინება. თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს და კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ატარებს.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება

2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მომზადდა.

კანონპროექტის მიზანია გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მონეტარული ანაზღაურების ნაცვლად, გარემოს აღდგენის ეფექტური, საუკეთესო  პრაქტიკაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის დანერგვა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს გარემოზე მიყენებული ზიანი. ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებული იქნება ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები თავად განახორციელოს. ახალი მიდგომის მთავარი მიზანი გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრაა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი არამხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები,  რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად.

საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ,  დადგინდება ადეკვატური სანქციები, რაც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია. 

 

 

Share