2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:36

მონადირეებს მოსაკრებლის ქვითრის დედნის წარდგენა აღარ უწევთ

By: Admin
2020-12-16 13:31:23
204

2020 წელს, მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად,  პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, განთავისუფლდა ვალდებულებისგან - ნადირობის სეზონის განმავლობაში თან იქონიოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ms.emoe.gov.ge) დაინერგა ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი - 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე“ – რომლის მეშვეობით კონტროლის განმახორციელებელი ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს მოსაკრებლის გადახდის ფაქტს.  ინიციატივის მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ უფრო ეფექტური კონტროლის განხორციელება და ასევე, მონადირეების ინტერესების დაცვაა.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლის ახალი სისტემა დაინერგა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულების - არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესყიდვა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიულ ზღვასა და ღია ზღვაში თევზჭერაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლი.

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები უკვე ჩართულია საერთაშორისო მონიტორინგის პროგრამაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები მუდმივად აკონტროლებენ გემების მოძრაობას, არალეგალური თევზჭერის პრევენციის მიზნით და ასევე მათ მიერ მოპოვებული  თევზის სახეობებსა და რაოდენობას.

მონიტორინგის ახალი სისტემის შედეგი, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ უკანონო თევზჭერის პრევენცია იქნება. 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

მიმდინარე წელს დასრულდა ინიციატივა „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის" (UNDP-GRF) პროექტის ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით  ხორციელდებოდა.

მონიტორინგის სადგურების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა მათი მომსახურების ტექნიკური ინსტრუქციები და გადამზადდა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

გარდა ამისა, სააგენტომ შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო და სისტემური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის  „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ პროგრამის (CAFE დირექტივა) მოთხოვნებთან.

ასევე, შემუშავდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გზამკვლევი, მათ შორის სადგურების რაოდენობისა და განთავსების ადგილების იდენტიფიცირებითა და ქსელის განვითარების, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო რესურსების შეფასებით, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი მონაცემები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

სამრეწველო მარაგების შეფასება შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში

მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, პირველად ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO/GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების  რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 109 000 ტონას შეადგენს.

განხორციელებულმა კვლევებმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად მისცა საშუალება  მარაგი  ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის  მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა.

ამავე მხარდაჭერის ფარგლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს საზღვაო სივრცეში განახორციელა არანაკლებ მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რაპანას (Rapana venosa)  მასშტაბურ კვლევები. რეგიონის ზღვისპირა ქვეყნებს აღნიშნული პროდუქტის ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. როგორც მოთხოვნადი პროდუქტი, მისი რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზღვის პროდუქტების მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

მეტეოროლოგიური რადარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქ, ქუთაისში თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი დამონტაჟდა, რომლის  მომწოდებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“.

მეტეოროლოგიური რადარი ქუთაისიდან დაახლოებით 250 კმ-ის რადიუსში, ოპერატიულ რეჟიმში გადმოსცემს მონაცემებს ღრუბელთა ტიპების, მათი ინტენსივობის, გადაადგილების, მიმართულების, სიჩქარის და სხვა ფიზიკური პარამეტრების შესახებ.

აღნიშნული რადარი შესაძლებლობას იძლევა დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნების და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას.

პროექტის სრული ღირებულება ამერიკისა და ქართული მხარის თანადაფინანსებით, ჯამში 3 500 000 ლარს შეადგენს.

(NS)

Share