3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:05

ონლაინ გაყიდვები როგორც გამოსავალი, თუ ბარიერი ბიზნესისთვის

By: Admin
2020-12-16 15:52:02
204

მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეკავების გამო, დამატებითი შეზღუდვები მიიღო, რომელიც ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა. შეზღუდვების დაწესებამდე მთავრობას მსხვილ ბიზნესსექტორი წარმომადგენლებთან კონსულტაციები ჰქონდა. შეზღუდვებიდან გამომდინარე  ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ბიზნესები დაიხურა. კერძოდ, მაღაზიებს, რესტორნებს, ფიტნეს ცენტრებსა და საცურაო აუზებს 31 იანვრამდე მუშაობის უფლება შეეზღუდათ.

ბიზნესების ნაწილი მთლიანად ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდა, რაც ზოგიერთი მათგანისთვის გარკვეულ შეფერხებებსა და გამოწვევებთან ასოცირდება. ერთ-ერთ ბარიერად შესაძლოა მივიჩნიოთ გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დროულ საკურიერო მომსახურებას აფერხებს.

სექტორის წარმომადგენლები შეზღუდვების დაწესებამდეც საუბრობდნენ იმაზე, რომ ბიზნესი მძიმე მდგომაროებაში იყო. მაგალითად ბიზნეს ასოციაციების დირექტორი, სოსო ფხაკაძე აცხადებდა, რომ ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სექტორზე ნეგატიურად აისახებოდა.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს შეზღუდვა, ბიზნესზე ნეგატიურად იმოქმედებს, მაგრამ ჩვენ ყველამ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე“, - აცხადებდა ფხაკაძე.

 დაწესებულმა შეზღუდვებმა გავლენა არამარტო მსხვილ, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებზეც მოახდინა. ერთ-ერთი მათგანია წიგნების მაღაზია „სანტა ესპერანსა“.

მისი დირექტორი, მადონა ელიაშვილი აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების გამო დროებით 7 ფილიალი დახურეს. მანვე აღნიშნა, რომ ერთის სრულად დახურვა წინა „ლოქდაუნისას“ მოუწიათ, ხოლო ერთის სამუდამოდ დახურვა, სავარაუდოდ, ახლა მოხდება. ჯამში აღნიშნულ ფილიალებში დასაქმებული 17 თანამშრომელი დროებით უმუშევარი დარჩა.

„სანტა ესპერანსას“ დირექტორი საუბრობს გამოწვევებზე, რომელიც მაღაზიას შეექმნა. მისი თქმით, „ლოქდაუნმა“ და შემდეგმა კრიზისულმა პერიოდმა კომპანიის დანაზოგისა და საბრუნავი რესურსის მთლიანად გახარჯვა განაპირობა.

„ამას დაემატა გარკვეული საახალწლო სამზადისი პროდუქციის მომარაგების მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ვალდებულებები მომწოდებლებთან“, - აცხადებს ელიაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ მოიმარაგეს პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებენ.

რეგულაციებიდან გამომდინარე წიგნების მაღაზია ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა. ელიაშვილი აცხადებს, რომ მაღაზიის მთავარი უპირატესობა, მკითხველისთვის ონლაინ კონსულტაციების შეთავაზება იყო და ახლა აღნიშნული მომსახურებაც ონლაინ ხორციელდება, თუმცა ეს საკმარისი არაა.

როგორც ელიაშვილი აცხადებს, ონლაინ ვაჭრობისთვის ბოლომდე მზად არც გამყიდველია, არც მყიდველი და არც შუამავალი, ანუ საკურიერო კომპანია.

ის საუბრობს პრობლემებზე, რომელიც საკურიერო მომსახურებასთანაა დაკავშირებული და ამბობს, რომ თბილისის მასშტაბით მიწოდების ყველაზე დაბალი ფასი რასაც სთავაზობენ, არის 4 ლარი, ხოლო ამ თანხის გადახდა მცირე შენაძენზე არც მომხარებელს და არც მაღაზიას არ აწყობთ.

„ამასემატება ისიც, რომ მთლიანად დამოკიდებული ხარ საკურიერო კომპანიაზე, რომელიც ვერ გაძლევს მეტნაკლებად ზუსტ ინფორმაციას, როდის მივა შეკვეთა დანიშნულების ადგილას. 1-4 სამუშაო დღე დამეთანხმებით არ არის მისაღები პასუხი არც მყიდველისა და არც გამყიდველისთვის“, - აღნიშნავს იგი.

კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა „სანტა ესპერანსას“ გაყიდვებზეც მოახდინა გავლენა.

„ჩვეულებრივ პერიოდს რომც არ შევადაროთ, ბოლო თვეების კრიზისის პირობაზეც კი რეალიზაცია დაახლოებით ათჯერ არის შემცირებული“, - ამბობს ელიაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციები გამკაცრდება, ან გახანგრძლივდება და ონლაინ რეჟიმით მუშაობა უფრო მეტი ხნით მოუწიათ, შესაძლოა მაღაზიების დახურვა მოუწიოთ.

„იმედია შევინარჩუნებთ მათ ნაწილს მაინც“, - აცხადებს დირექტორი.

როგორც „სანტა ესპერანსას“ დირექტორი ამბობს, რეგულაციების გამკაცრებამდე შესაბამის უწყებებთან კონსულტაცია არ ჰქონიათ და არც არავინ დაკავშირებიათ.

შედარებით უფრო მცირე ბიზნესისთვის, რომელიც თავდაპირველ ეტაპზე ონლაინ გაყიდვებს ეწეოდა და შემდეგ გახსნა ფილიალები, შედარებით მარტივი აღმოჩნდა კვლავ ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა. თუმცა აღნიშნულ რეჟიმში მუშაობამ აქაც შექმნა გარკვეული გამოწვევები.

როგორც ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის, Hippie-ის დამფუძნებელი, ლალი თვალიაშვილი აცხადებს, ფილიალები სულ ორ ქალაქში, თბილისსა და რუსთავში ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც საქართველოში მარტში პირველი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, აღნიშნული ფილიალების დახურვა მოუწიათ და ონლაინ მუშაობაზე გადავიდნენ. თვალიაშვილი ამბობს, რომ ფილიალებში დასაქმებული თანამშრომლების გადანაწილება მოხერხდა და მათ ამ ეტაპზე სამსახური შეუნარჩუნდათ.

ის საუბრობს იმაზეც, თუ რატომ არ გახსნეს ფილიალები მარტში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ გაუქმების შემდეგ.

„ონლაინ მუშაობა გავაგრძელეთ, რადგან არ ვიცოდით სიტუაცია როგორ შეიცვლებოდა. ასე უფრო მოსახერხებელი იყო“, - განაცხადა მან.

Hippie -ის დამფუძნებლის თქმით, მომხმარებელს ურჩევნია მივიდეს და ადგილზე ნახოს სასურველი პროდუქცია, ონლაინ გაყიდვები კი ამის საშუალებას არ იძლევა.

„სხვა მხრივ ვცდილობთ რეგულაციები ზედმიწევნით დავიცვათ და მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ“, - ამბობს თვალიაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ყველა ის საჭირო მასალა, რაც მუშაობის პროცესში სჭირდებათ, უპრობლემოდ მიეწოდებათ, რადგან ტვირთის ტრანსპორტირება ჩვეულებრივ ხორციელდება.

დაბოლოს, მაღაზიის დამფუძნებელი, ლალი თვალიაშვილი აცხადებს, რომ ისევე, როგორც სხვა ბიზნესების შემთხვევაში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე Hippie -ის გაყიდვებიც შემცირებულია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share