
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის თანახმად, 2021 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის 4%-ით ზრდა, იმ დაშვების საფუძველზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება წლის განმავლობაში. თუმცა, აღდგენის პროცესი სავარაუდოდ შენელებული იქნება, თუ პოლიტიკის შემმუშავებლები არ მიიღებენ გაცილებით უფრო გადამწყვეტ ზომებს პანდემიის წინააღმდეგ და არ განახორციელებენ რეფორმებს ინვესტიციების გასაზრდელად.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში 2020 წლის 4.3%-იანი ვარდნის შემდეგ ზრდა აღინიშნება, პანდემიის გამო უამრავი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა, ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა და შემოსავლები გახანგრძლივებული პერიოდით შემცირდა. ახლო მომავლისთვის დარგობრივი პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტებია COVID-19-ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინის ფართომასშტაბიანი სწრაფი გამოყენების უზრუნველყოფა. სახელმწიფო ორგანოებმა, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ასევე უნდა შეუწყონ ხელი რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ვალზე ნაკლებად დამოკიდებული მდგრადი ეკონომიკური ზრდისკენ.
„მაშინ როცა გლობალური ეკონომიკა როგორც ჩანს სუსტი აღდგენის ფაზაში შევიდა, პოლიტიკის შემმუშავებლები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვალის მართვის, საბიუჯეტო პოლიტიკის, ცენტრალური საბანკო საქმიანობის და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, რამდენადაც ისინი ცდილობენ ჯერ კიდევ მყიფე გლობალური აღდგენის პროცესის გაძლიერების და მტკიცე ეკონომიკური ზრდისთვის მყარი საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით: „პანდემიის ზემოქმედების დაძლევის და ინვესტიციების ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების მიზნით საჭიროა აქტიური მოქმედება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, შრომითი და პროდუქციის ბაზრების მოქნილობის გასაზრდელად და გამჭვირვალობის და მმართველობის გასაძლიერებლად“.
შეფასების მიხედვით 2020 წელს გლობალური ეკონომიკური საქმიანობის ვარდნა შედარებით ნაკლებად მწვავე იყო მანამდე მომზადებულ პროგნოზებთან შედარებით, ძირითადად მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში სუსტი ვარდნის და ჩინეთში ეკონომიკის მტკიცე აღდგენის გამო. საპირისპიროდ, საქმიანობის შეწყვეტამ ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელზე გაცილებით მწვავე შედეგები გამოიღო.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share