4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:56:29

გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშაოთ

By: Admin
2021-01-26 12:48:10
204

„ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საერთაშორისო საჰაერო ფრენების დაწყების და ამასთანავე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ.
ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share