
„კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების გათვალისწინებით ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული 2021-2024 წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი პროცესი იქნება.
„ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და ჩვენ, ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოვოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share