
საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი.
მათი ინფორმაციით, 2020 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია.
„2020 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 22.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.6 პროცენტი, საშუალოზე - 27.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.7 პროცენტი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 609.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 9.6 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 637.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით ნაკლები).
2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 417.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 12.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1070,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 21.8 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 439.6 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 632.6 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 228.4 ლარი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share