
გალტ & თაგარტმა საქართველოს ავტომობილების ბიზნესზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში გაანალიზებულია ავტომობილებით საგარეო ვაჭრობის დინამიკა, სექტორის ძირითადი ინდიკატორები, ადგილობრივი ბაზარი, მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები და ეკო-მობილობის პერსპექტივები საქართველოში. კვლევის მიზანია ავტომობილების ბიზნესში ჩართულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ასევე პოლიტიკის განმახორციელებლებს, მიაწოდოს აქტუალური ინფორმაცია სექტორში მიმდინარე პროცესებზე.
კვლევის მიხედვით, 2005 წლიდან საქართველო ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა. საქართველოში ახალი ავტომობილები ძირითადად იაპონიიდან შემოდის, მეორადები კი აშშ-დან, რომლებიც შეკეთების შემდეგ ადგილობრივ და რეგიონის ბაზრებზე იყიდება. შედეგად, ავტომობილები საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი საქონელია. გალტ & თაგარტის შეფასებით, საქართველოს ავტომობილების ბიზნესი (ავტომობილებითა და ავტონაწილებით ვაჭრობა, ავტოსერვისი) ყოველწლიური შემოსავლების საშუალოდ 31%-ს აგენერირებს ავტომობილების რე-ექსპორტიდან.
2020 წელს საქართველოდან ავტომობილების რე-ექსპორტი თითქმის განახევრდა 404 მლნ აშშ დოლარამდე, რაც ძირითადად სომხეთიდან და ყირგიზეთიდან მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული, საბაჟო გადასახადების ზრდის შედეგად. ასევე, 2020 წელს ავტომობილების რე-ექსპორტს ხელი შეუშალა მეორადი ავტომობილების ბაზრის დახურვამ და პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ავტომობილების რე-ექსპორტი ონლაინ გაყიდვებით შენარჩუნდა. გალტ & თაგარტის მიხედვით, 2021 წელს მოსალოდნელია ავტომობილების რე-ექსპორტის გამოცოცხლება, რეგიონში ეკონიმიკური გაჯანსაღებისა და წინა წლის დაბალი ბაზის გათვალისწინებით.
გალტ & თაგარტის შეფასებით, 2020 წელს ავტომობილების ბიზნესის მთლიანი ზომა 3.8 მლრდ ლარი იყო (ფორმალური და არაფორმალური სექტორი). სექტორში მაღალია არაფორმალური აქტივობის წილი, რადგან ბევრი ფიზიკური პირი ვაჭრობს ავტომობილებით და მეორადი ავტონაწილების ბაზრობები ფართოდ გავრცელებულია. გალტ & თაგარტის შეფასებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფორმალური სექტორი ბაზრის ზომის მხოლოდ 70%-ს მოიცავს.
საშუალოვადიან პერსპექტივაში ავტომობილების მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები ჯანსაღია - მოძველებული ავტოპარკისა და ქალი მძღოლების რაოდენობის ზრდის ჩათვლით. გალტ & თაგარტის შეფასებით, საქართველოს ავტოპარკში რეგისტრირებული 1.38 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მხოლოდ 1.06 მლნ (77%) მოძრაობს გზებზე, დანარჩენი კი ძველი, გაუქმებული ავტომობილებია. გარდა ამისა, საქართველოში ყოველ 1,000 მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 234-ია (გაუქმებული ავტომობილების გამოკლებით), რაც ბევრად ჩამორჩება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს (მაგ. 642 პოლონეთში, 562 ჩეხეთში, 355 რუმინეთში და ა.შ). ამასთან, ქალი მძღოლების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის მდგომარეობით, ქალების მხოლოდ 20%-ს აქვს მართვის მოწმობა (მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 72%-ია), რაც მომავალში მოთხოვნის ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს. გალტ & თაგარტის შეფასებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 32 ათასი ქალი აიღებს მართვის მოწმობას.
კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია ეტაპობრივი გადასვლა ეკო-მობილობაზე საშუალოვადიან პერიოდში. საქართველოში ჯერჯერობით ჰიბრიდული ავტომობილებია მოთხოვნადი, ელექტრომობილების იმპორტი კი დაბალია. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ელექტრომობილების ზრდას 4 ძირითადი ბარიერი უშლის ხელს: 1) მაღალი ფასი, 2) გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი 3) დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და 4) მოდელების შეზღუდული არჩევანი. თუმცა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს ბარიერები აღმოფხვრადია. შედეგად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში 32%-მდე გაიზრდება გლობალურად 2030 წლისთვის.
სრული ანგარიშის ქართულ ენაზე გასაცნობად ეწვიეთ ბმულს
სრული ანგარიშის ინგლისურ ენაზე გასაცნობად ეწვიეთ ბმულს
(R)
Share