
2020 წელს ავტომობილების წლიური იმპორტი 31%-ით, ექსპორტი კი 45%-ით შემცირდა.
ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიერ საქართველოში ავტომობილების ბიზნესის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2020 წლამდე საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი სომხეთში გადიოდა.
„2019 წელს იმპორტის მაღალი ზრდა განაპირობა ერთჯერადმა ფაქტორებმა. კერძოდ, სომხეთისა და ყირგიზეთის საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც ამ ქვეყნებში 2020 წლიდან ავტომობილებზე საბაჟო გადასახადების ზრდით იყო გამოწვეული. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ასვე გაიზარდა მანქანების იმპორტი საქართველოში 2019 წელს.
2020 წლამდე საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების ნახევარზე მეტი სომხეთში გადიოდა, რადგან სომხეთი (ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანა 2015 წლიდან) იმპორტირებულ ავტომობილებზე შეღავათიანი - 10%-იანი საბაჟო გადასახადით სარგებლობდა მაშინ, როდესაც სხვა წევრ ქვეყნებში ეს გადასახადი 30%-50% იყო. ეს შეღავათი სტიმულს აძლევდა ევრაზიული კავშირის სხვა მოქალაქეებს, განსაკუთრებით რუსებსა და ყაზახებს, რომ შეეძინათ ავტომობილები საქართველოში და განებაჟებინათ სომხეთში, რადგან მოგვიანებით სომხური ნომრებით თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება ევრაზიული კავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. 2020 წლის იანვრიდან ყირგიზეთმა (რომელიც ასევე ევრაზიული კავშირის წევრია) ასევე გაზარდა გადასახადები ევრაზიული კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე. ამ ყოველივემ ხელი შეუწყო 2019 წელს საქართველოდან ავტომობილების რე-ექსპორტის მკვეთრ ზრდას“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.
Share