
2021 წლის პირველი მარტისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 36.02 მლრდ ლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რიცხვი პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელს 1.14 მლრდ ლარით აღემატება.
„საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მარტისათვის 36.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.14 მლრდ ლარით, ანუ 3.28%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.83%-ით მეტი). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 339.60 მლნ ლარით, ანუ 2.03%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.61%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 804.51 მლნ ლარით, ანუ 4.44%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.96%-ით)“, - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.40%, ხოლო ევროს წილმა 14.15% შეადგინა.
„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.36 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.02 პროცენტული პუნქტით).
თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.46% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.22%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.85%“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Share