2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:07:54

„ვისოლმა“ „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ვისოლმა“ „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. 

კომპანიამ დღეს "საბერძნეთის პეტროლიუმთან", საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა.

"ეკოს" პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, #27-ში გაიხსნა.

"ეკოს" ავტოგასამართ სადგურზე "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმომადგენელი. პილოტური ავტოგასამართი სადგურის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე "საბერძნეთის პეტროლიუმი" და "ვისოლ ჯგუფი" ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზე "ეკოს" სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

"ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე "ვისოლი" საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე "ეკოს" ბრენდს აბრუნებს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად მიიჩნეოდა.

"საქართველოში ყველას ახსოვს "ეკოს" ავტოგასამართი სადგურები. ყველამ იცის, რომ "ეკო" იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი საქართველოში. ყოველწლიურად ვატარებთ სამომხმარებლო კვლევებს და ყოველთვის, ყველა კვლევაში "ეკო ჯორჯია" მოიაზრებოდა, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე საწვავის კომპანია. გამოვიარეთ რთული გზა, მისი დაბრუნება არ იყო მარტივი, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ "ეკო" სრულფასოვნად დაბრუნდა საქართველოში. დღეს უკვე გაიხსნა მთლიანად "ეკოს" ბრენდირებული ავტოგასამართი სადგური. ჩვენ აქ გვყავს "ეკოს" და საბერძნეთის პეტროლიუმის ხელმძღვანელობა. საბერძნეთის პეტროლიუმს აქვს 3 ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა და აქედან 2 არის მსოფლიოში, ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის  მქონე ქარხნების ათეულში. ყველას ვულოცავ, არა მარტო ვისოლ ჯგუფს, საბერძნეთის პეტროლიუმს და "ეკოს", არამედ მთლიანად საქართველოს, რადგან ჩვენს საქმიანობაში ქვაკუთხედი ყოველთვის იყო და იქნება ხარისხი", - აღნიშნა ფხაკაძემ.

"საბერძნეთის პეტროლიუმის" საცალო ქსელების გენერალური დირექტორის, რობერტო კარაჰანასის განცხადებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს.

"ძალიან ამაყები ვართ, იმით, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. "ეკო" საბერძნეთის პეტროლიუმთან ერთად, ისევ დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული და ინდუსტრიული გუნდი ვართ ევროპის ნაწილში. "ეკოსთან" ერთად ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებლებს და ახლა უკვე ქართულ ბაზარსაც. საქართველო არის ქვეყანა რომელიც მუდმივად ვითარდება, რაც მშვენიერია. დღეს ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, კიდევ ერთი მაღალი ხარისხის და სტანდარტის მქონე კომპანიას "ვისოლთან", იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა წინ წავიდეს", - აღნიშნა რობერტო კარაჰანასმა.

"ეკოს" ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისიც დაესწრო. ელჩის თქმით, მსგავსი ტიპის ავტოგასამართი სადგურები საბერძნეთში ჯერ არ არის.

"ძალიან ბედნიერები ვართ დღეს, რომ ნავთობპროდუქტების უდიდესი კომპანია "ეკო", საქართველოს ბაზარზე ხანმოკლე შესვენების შემდეგ დაბრუნდა. "ვისოლი" საქართველოს მასშტაბით უდიდესი კომპანიაა აღნიშნულ სფეროში, სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი ჩვენი თანამშრომლობა. პირიქით მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სავსებით მოსალოდნელიც იყო. რასაც დღეს ხედავთ, ეს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. "ვისოლის" აქტივობა თვალსაჩინოა არა მხოლოდ საწვავის სფეროში, არამედ ეკონომიკის განვითარების სხვა სფეროებშიც. დღეს ხედავთ "ეკოს" ახალ ავტოგასამართ სადგურს, ისეთს, როგორიც საბერძნეთშიც კი ჯერ არ გვაქვს და ეს ბევრზე მეტყველებს", - განაცხადა საბერძნეთის ელჩმა.

ფოტო რეპორტაჟი

(R)

 

Share