5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:57:58

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ბიზნესი პოზიტიურ მოლოდინს ინარჩუნებს

By: Admin
2021-03-30 14:06:25
204

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2021 წლის ბიზნესის განწყობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აერთიანებს. ორგანიზაციამ ინდექსი PMCG კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით მოამზადა.

კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინის კომბინაციაა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

აღნიშნულ პერიოდში გაუმჯობესდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ასევე მოლოდინის შეფასება, თუმცა მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი გაუმჯობესების მიუხედავად, კვლავ ნეგატიური რჩება. ამავდროულად, ბიზნესი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინს, რომელიც მნიშვნელოვნად, 34 პუნქტით არის გაუმჯობესებული. შედეგად, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი კვლავ აღმასვლის მეოთხედშია. ამასთან, კვლევის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

„2021 წლის პირველ კვარტალში, BAG ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის პოზიტიურია მშენებლობის სექტორის გარდა. აღნიშნული მშენებლობის სექტორში მიმდინარე მდგომარეობის ნეგატიური შეფასებით არის განპირობებული. მიმდინარე მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ყველა სექტორში გაუმჯობესდა, მშენებლობის სექტორის გარდა. 2021 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის დადებითია. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ოპტიმისტური განწყობა დაფიქსირდა მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში, რაც 2020 წლის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას უნდა დავუკავშიროთ“, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share