
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ტრანსპორტის მიმართულებით, მათ შორის პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები გაზრდილია.
მათივე ცნობით, ფასების მატება, ასევე, შეინიშნება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე, საყოფაცხოვრებო საგნებზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. უფრო კონკრეტულად კი ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
"ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.16 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (4.2 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (3.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.6 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), თევზეული (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.4 პროცენტი).
ამასთანავე, წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ფასებმა მოიმატა ტრანსპორტზე, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე, საცხოვრებელზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე , საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე, ასევე წყალმომარაგებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაზე. ფასების მატება დაფიქსირდა ჯანდაცვის მიმართულებითაც, უფრო კონკრეტულად, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფებზე“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
Share