3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:39:55

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი საქართველოს 98 443 მოქალაქემ, ისრაელში კი 1 427 პირმა გამოთქვა

By: Admin
2021-05-07 14:20:29
204

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი ლეგალური დასაქმების მსურველი 98 443 საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა გერმანიაში დასაქმებაზე, ხოლო ისრაელში დასაქმებისთვის - 1427 პირმა გამოხატა ინტერესი და წარმატებით გაიარა რეგისტრაცია ჯანდაცვის სპეციალურ პორტალზე „დროებითი დასაქმება საზღვარგარეთ“.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია ა/წ. 15 თებერვლიდან დაიწყო, ხოლო 12 აპრილიდან - ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე.

„გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში  ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია  - იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე“, - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ლეგალური დასაქმების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/

Share