
სასურველი სამსახურის ძიება მარტივი პროცესი ნამდვილად არ გახლავთ და მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ვინაიდან ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპს ახალგაცნობილ ადამიანებთან გავატარებთ უკვე არსებული წესების დაცვით. გამოცდილების არმქონე ადამიანებისთვის ეს პროცესი კიდევ უფრო სტრესულია, ვინაიდან ბაზარზე რთულია ისეთი კომპანიების მოძებნა, რომელიც ორიენტირებულია სამსახურში აიყვანოს ნაკლებად კვალიფიციური კადრი და თავად მისცეს შესაბამისი პირველი გამოცდილება. ამის გამო, ხშირად სტუდენტებსა თუ განათლება ახალ მიღებულ ახალგაზრდებს უამრავი უარის მოსმენა უწევთ, რასაც პოზიტიურად თუ შევხედავთ, იმ უნარის ჩამოყალიბებას ემსახურება, რომელიც უარყოფის დროს მოტივაციას არ გვაცლის და გვაიძულებს წინსვლას ვეძიოთ.
ახალი ვაკანსიის გამოცადებისას დამსაქმებელი უმეტესად გამოცდილებასთან ერთად ეძებს ისეთ ადამიანს, ვისაც პიროვნული უნარები ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული, სხარტია და არ ერიდება ინიციატივის გამოჩენასა და პრობლემის ინოვაციური გზით გადაჭრას. ერთი მხრივ ამ უნარების გამომუშავებას დაგროვილი ცოდნა ჭირდება, მეორე მხრივ კი გაბედულება და სხვადასხვა საქმეებში ჩახედულება, ამიტომ კარიერის საწყის ეტაპზე ყოველთვის აუცილებელი არ არის იმ მიმართულებით სამსახურის ძიება, რომელიც უნივერსიტეტმა თუ კოლეჯმა მოგვანიჭა, შეიძლება დროებით მაინც სხვა სფეროში მოვსინჯოთ ძალები, რაც ჩვენს ზოგად შეხედულებას სამსახურისა თუ კომუნიკაციის მიმართ საკმაოდ გაამრავალფეროვნებს, ამიტომ პირველი რჩევაა დასახული სამსახურის პარალელურად განიხილეთ სხვა საინტერესო შემოთავაზებებიც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არსებობენ ისეთი კომპანიები, ვინც ორიენტირებული სწორედ გამოუცდელ ახალგაზრდებზე არიან, რაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა ნებისმიერისთვის განათლების მიუხედავად.
საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება ასევე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კომპანიისთვის სასურველი მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვაკანსია არ იყოს აქტიური. სასურველ კომპანიაში დასაქმება ნამდვილად დიდი გამოწვევაა, ამიტომ უარის შემთხვევაში ფარ-ხმალს ნუ დაყრით და სთხოვეთ თვენი კანდიდატურას მომავალშიც გადახედონ. ამის გარდა, არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელიც გამსაუბრებელზე კარგ წარმოდგენას შეგიქმნით და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შესაფერისი გამოცდილება ჯერ არ გქონდეთ დაგროვილი, მაინც დადებითად განაწყობს თვენს მიმართ.
პირველ რიგში, სანამ საქმე გასაუბრებამდე მივა, HR მენეჯერი თქვენს რეზიუმეს ეცნობა, რის მიხედვითაც იფილტრება კანდიდატები და პირველ წარმოდგენას ქმნის თქვენს შესახებ, შესაბამისად აუცილებელია CV მოწესრიგებული, მარტივად გასაგები იყოს და თქვენს შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავდეს. კარგი რეზიუმეს მოცულობა ერთ გვერდს, აუცილებელ შემთხვევაში კი ორ გვერდს შეადგენს, ამიტომ საკუთარი ინფორმაციის ჩაწერისას შეეცადეთ ინფორმაცია მოკლე და ლაკონური იყოს. ასევე, აუცილებელია იყოს სწორად დალაგებული, სადაც მითითებული იქნება თქვენი სახელი და გვარი, საკონტაქტო ნომერი, მეილი, სამუშაო გამოცდილება, გავლილი ტრენინგები, განათლება და პირადი უნდარები. როგორც წესი, ფოტოსურათი სავალდებულო არ არის, თუმცა თუ მაინც ჩასვავთ ბევრად უკეთესი იქნება. გახსოვდეთ, დასაქმება განსაკუთრებით მარტივია, როდესაც პირველ შთაბეჭდილებას ეფექტურად მოახდენთ, იმის მიუხედავად გაქვთ თუ არა გამოცდილება.
გასაუბრებისას გაითვალისწინეთ ისაუბროთ ლოგიკურად, მოკლედ და მარტივად, იყავით თავდაჯერებული და იყავით მზად უარის მოსმენისთვის, ვინაიდან თუ დასაკარგი არ გექნებათ არაფერი, უფრო მეტად გაბედულიც იქნებით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია ნებისმიერი დამსაქმებლისთვის, თუმცა მთავარია არ გადააჭარბოთ და დაიცვათ შუალედური მდგომარეობა.
(R)
Share