
კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თბილისის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „თბილისი ენერჯიმ“ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი ნახა.
„მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა „თბილისი ენერჯის“ მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე და გააკეთა შესაბამისი გაანგარიშებები, რომლის ფარგლებშიც, მათ მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება.
შესაბამისად, „თბილისი ენერჯი“ არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც, რაც ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას გულისხმობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ტარიფი გაიზარდა. აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7, 834 თეთრით მეტს გადაიხდიან. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს დღგ-ს ჩათვლით, 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ.
Share