4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:15

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

By: Admin
2021-06-08 12:10:56
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - საკირესა და მზეთამზეს, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფლატესა და ზარზმის მიმდებარედ, მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ნაძვისა და ფიჭვის სახეობის - ჯამში - 11,5 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამასთანავე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 3.8 კუბურ მეტრამდე სოჭის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული დოკუმენტში მითითებულ სატყეო უბნის კვარტალში.   

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

(NS)

Share