1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:53:07

ნათია თურნავა - „პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი ახალი კომპონენტი შეემატება - აგროტურისტული და ეკოტურისტული მცირე საწარმოების დახმარება

By: Admin
2021-08-02 16:08:49
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კიდევ ერთი ახალი კომპონენტი შეემატება - დახმარება აგროტურისტულ და ეკოტურისტულ მცირე საწარმოებს. როგორც ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პოსტ-კოვიდ ვითარებაში ძალიან დიდი მოთხოვნა  სწორედ ღია სივრცეში არსებულ ტურისტულ პროდუქტებზე და ტურისტულ აქტივობებზე წამოვიდა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ფერმერები, ვინც მოისურვებს, რომ გარდა მათი მცირე ფერმერული მეურნებისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, კიდევ იქვე დაამატოს მცირე სასტუმრო ან მცირე რესტორანი, ან ტურიზმთან  დაკავშირებული სხვა აქტივობა - მათაც, ისევე, როგორც საექსპორტო ან იმპორტის ჩამნაცვლებელ ბიზნესებს, შეეძლებათ ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით და სესხის 15%-იანი გრანტით სარგებლობა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთლიანობაში ძალიან ფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში" - აქამდე თუ ის ვრცელდებოდა 211 ბიზნეს-საქმიანობაზე, ახლა მათი რიცხვი 312-მდე გაიზარდა.

Share