4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:55:01

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, 137 ქვეყანას შორის 8 ქვეკომპონენტში საქართველო პირველ ათეულშია

By: Admin
2018-09-07 12:50:28
204

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" („The Global Competitiveness Index") მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 137 ქვეყანას შორის 8 ქვეკომპონენტში პირველ ათეულში შედის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქვეკომპონენტებია: წლიური ინფლაცია (პირველი ადგილი), სავაჭრო ტარიფები (მე-4 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა (მე-6 ადგილი), ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-7 ადგილი), ინვესტორთა უფლებების დაცვის სიძლიერე (მე-7 ადგილი), მთლიანი საგადასახადო განაკვეთი (მე-8 ადგილი), სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი (მე-9 ადგილი), მალარიის შემთხვევები (პირველი ადგილი).

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუმინეთი (68-ე ადგილი), სომხეთი (73-ე ადგილი), ხორვატია (74-ე ადგილი), მონტენეგრო (77-ე ადგილი), სერბეთი (78-ე ადგილი), უკრაინა (81-ე ადგილი), საბერძნეთი (87-ე ადგილი), მოლდოვა (89-ე ადგილი), ბოსნია-ჰერცეგოვინა (მე-100 ადგილი) და სხვა.

2017-2018 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 137 ქვეყანას შორის  67-ე ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 8 საფეხურით შემცირდა, ქვეყნის სარეიტინგო ქულა - 4.3  იგივე დარჩა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პოზიციის შემცირება ძირითადად სხვა ქვეყნების მიერ პოზიციების გაუმჯობესებით არის განპირობებული.

(NS)

Share