13.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
19:23:50

საქართველოს „პიარ კლუბი“ რუს კოლეგებს მიმართავს

By: Admin
2022-03-03 17:46:56
204

საქართველოს „პიარ კლუბი“ რუს კოლეგებს, კერძოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე საკონსულტაციო კომპანიების ასოციაციაციას (АКОС), რუსეთის ფედერაციის მენეჯერების ასოციაციას (АМР), ბიზნეს-კომუნიკატორების საერთაშორისო ასოციაციის რუსულ განყოფილებას (IABC/Russia), რუსეთის მარკეტინგული მომსახურების ასოციაციას (РАМУ), რუსეთის საზოგადოებრივი ურთიერთობების აკადემიას (РАОС), რუსეთის პოლიტიკური კონსულტანტების ასოციაციას (РАПК), რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციას (РАСО). მიმართავს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"კოლეგებო,

ჩვენ საქართველოს „პიარ კლუბის“ წევრები წარმოვადგენთ ქვეყნას, რომელშიც პროცესები იდენტური თანმიმდევრობითა და დინამიკით ვითარდებოდა, რასაც მოჰყვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარს და ამრიგად, ყველაზე უკეთ გვესმის უკრაინის, რომელიც დღეს იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. და დღეს, როდესაც უკრაინაში შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო ჯარები ყოველდღე ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას, წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებზე, ტაძრებზე, ბავშვთა სახლებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე… როდესაც ოკუპაციის შედეგად უკრაინის იძულებით დატოვება მოუხდა 1 მილიონამდე ადამიანს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, კლავენ ბავშვებსა და ორსულებს, უხეშად არღვევენ ყველა საერთაშორისო კონვენციას, თუ საერთაშორისო სამართლის წესებს, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული საზოგადოების დუმილი ამ პროცესის პირდაპირი და ირიბი მხარდაჭერის ტოლია.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მიღებული პროფესიული კოდექსის თანახმად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში პროფესიული საქმიანობა საზოგადოდ მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს კომუნიკაციის პროცესში ჩართული პირების მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვის ვალდებულების აღებას და ამ ვალდებულებების პირნათლად შესრულებას. კომუნიკაციის პროცესში ჩართული პირები აცნობიერებენ ქვეყნისა და ერის წინაშე აღებულ სოციალურ პასუხისმგებლობას, იზიარებენ მას და ასრულებენ კოდექსის მოთხოვნებს. ეს ვალდებულებები იმაზე მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი მოქალაქის ცალკეული პოლიტიკური კუთვნილება და შეხედულება.

ამიტომ, საქართველოს „პიარ კლუბის“ წევრები მოგმართავთ ადამიანებს, რომლებიც ამკვიდრებთ ზემოხსენებულ პრინციპებს და ღირებულებებს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორში, ასრულებთ შუამავლის ფუნქციას და გაკისრიათ მისია მიიტანოთ ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია საზოგადოებამდე და მოგიწოდებთ, ხმა აიმაღლოთ იმ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელსაც აწვდიან რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობას და ცდილობენ, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

მოგიწოდებთ, ხმა აიმაღლოთ ომის წინააღმდეგ!

მოგიწოდებთ, დაიცვათ, როგორც რუსული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესები!

მოგიწოდებთ, იყოთ თქვენი საქმის პროფესიონალები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე და პრინციპებზე დაყრდნობით!", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს „პიარ კლუბი“

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე ადამიანების პირველი პროფესიული გაერთიანებაა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ პროფესიონალს.

ინიციატივას უერთდება “პიარ ასოციაციაც” და სრულიად იზიარებს განცხადების შინაარსს.

Share