
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 245.1 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 412.0 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 36.7 პროცენტით მეტია 2020 წლის შესაბამის მონაცემზე.
2021 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 662.6 ათასით განისაზღვრა, რაც 37.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. დიაგრამა 2 ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
2021 წელს ვიზიტორების 38.4 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.7 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 43.9 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 11.5 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 11.3 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
საანგარიშო პეროდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 300.1 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 241.9 ათასი ვიზიტი თვეში). დიაგრამა 6 ასახავს ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.
Share