
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერი განმარტავს, სიახლეა ისიც, რომ ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
„გადავწყვიტეთ და საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, კერძოდ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადზე, ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას.
ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მლრდ ლარი იქნება ბანკების მოგება წელს.
ამას გარდა, ჩვენი ინიციატივით, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვარაუდობთ 2024 წლიდან.
მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში. ასევე, დამატებით სამი წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის“,- აღნიშნავს პრემიერი.
“ამხელა მოგება აქვთ ბანკებს. უბრალოდ გაუმართლებელია.”
ღარიბაშვილმა ამ ფრაზის შემდეგ საბანკო სექტორისთვის დაგეგმილი ცვლილებები დააანონსა. მისი თქმით, ბანკებისთვის 20% იქნება მოგების გადასახადი ნაცვლად დღეს მოქმედი 15% განაკვეთისა. აბა გამოიცანით, ამ ცვლილებების შემდეგ, ამ დამატებით 5% დიდ ნაწილს ან შეიძლება სრულად ვინ გადაიხდის?
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაძვირებას მთავრობის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდას ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა არ ექნება. გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას არც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი ექნება.
„თავიდანვე ჩანდა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადის გაუქმებას მთავრობა არ აპირებდა და ეს პროცესი დროში გაიწელა. დაახლოებით უკვე 5 წელია, რომ რაც მოგების გადასახადი სხვა ბიზნესებისთვის გაუქმდა, მაგრამ ბანკებისთვის ისევ დარჩა. აქამდე თუ რამე გადაწყვეტილება იყო მისაღები მთავრობის მხრიდან, უნდა მიღებულიყო. ამასთან ერთად გადასახადის გაზრდა ფინანსურად და რეალურად მნიშვნელოვნად არაფერს არ შეცვლის ბანკებისთვის. ის, რომ 5%-ით მეტს გადაიხდიან ბანკები მოგების გადასახადის სახით, ეს მთავრობის მხრიდან უფრო პოპულისტური გადაწყვეტილება იყო ამომრჩევლების გულის მოსაგებად, რომ აი, ხედავთ, ჩვენ ბანკებს გადასახადებს ვუზრდით და ამით შევავსებთ ბიუჯეტს. რეალურად განსაკუთრებული ეფექტი ბიუჯეტისთვისაც არ იქნება. პრემიერმა ახსენა 2 მლრდ-იანი მოგება და წელს მთლად მაგდენი წმინდა მოგება ვერ იქნება. მთლიანობაში რომ დავთვალოთ, საბანკო სექტორისთვის და ცალკე ბანკებისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლის ფინანსურად არაფერს და არც ფისკალური ეფექტი არ ექნება. ეს უფრო პოპულიზმზე გათვლილი გადაწყვეტილება იყო. ერთია, რომ შესაძლოა საბანკო სექტორი საინვესტიციო თვალსაზრისით აღარ იყოს ისეთი მომხიბვლელი, მაგრამ არც ამ მხრივ ველოდები რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს. ეს გადაწყვეტილება არის არა იმდენად ეკონომიკური, როგორც პოლიტიკური“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
კეპულაძის თქმით, გაზრდილი გადასახადების შედეგად ნაკლები მოლოდინია, რომ ბანკებმაც საბანკო პროდუქტების გაძვირება დაიწყონ.
რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ თქვა რომ წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელის. მისი თქმით, წლის ბოლო სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მინიმუმ არსებულ, 11%-ზე შენარჩუნდება.
„დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, მონეტარული პოლიტიკა შემცირდეს. როგორც მინიმუმ, ის 11%-ზე დარჩება. მონეტარულ პოლიტიკა იქნება მკაცრი, სანამ მარეგულირებელი არ დაინახავს, რომ ინფლაციური მოლოდინები მცირდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2022 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184800 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 9607 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 500-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი - 9289 მილიონიდან 9607 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
184800 ხელშეკრულებიდან 81900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1516 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრის მდგომარეობთ 21.08% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 71900 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.63%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3214 მილიონი ლარია.
30000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 სექტემბერთან შედარებით 600-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 4830 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1662 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 11.74%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 3168 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.60%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 20.5 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 23.78%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 200 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 24 მილიონი ლარია.
1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე - 23.78%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი - 21.08%-იანი განაკვეთით.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 სექტემბრის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა, გარდა მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებისა, სადაც 16.12%-დან 11.74%-მდე შემცირდა საპროცენტო განაკვეთი.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე გრძელვადიანი ფაქტორების შენარჩუნების შედეგია.
„შავ სიაში“ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში შავ სიაში 574 715 მსესხებელი იყო. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი სამ წელიწადში გაორმაგდა, თუ 2019 წელს 2,553,781,747 ლარის ვადაგადაცილებული სესხი იყო, 2020 წელს 3,088,094,794 ლარი გახდა, 2021 წელს 3,622,861,901 ლარი, ხოლო მიმდინარე წელს 4,359,105,450 ლარამდე გაიზარდა.
რა იწვევს ნახევარ მილიონზე მეტი გადახდისუუნარო ზრდასრული ადამიანის არსებობას ქვეყანაში, მაშინ როდესაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
რეალურმა შემოსავლებმა ინფლაციის გამო იკლო, ვინაიდან 2 წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25%, მაშინ როდესაც შემოსავლები ინფლაციის ტოლფასად არ გაზრდილა. ბუნებრივია, რომ ამან გამოიწვია უიმედო სესხების ზრდა, რაც ვადაგადაცილებულზე უარესია, თუ ობიექტურად მივუდგებით ამ სესხების კლასიფიკაციას, შესაძლოა, კიდევ უფრო ცუდი სურათი მივიღოთ. ეს არ შეუქმნის პრობლემას საბანკო სფეროს, მთავარი პრობლემაა, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში ზომავს სიღარიბეს და როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახდისუუნაროა, ნიშნავს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა.
Share