
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, "საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა".
"ასევე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
მთავარი არხის მტკიცებით კი, ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას ადასტურებენ. ტელეკომპანია აეროპორტის ცხელ ხაზთან სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, "განაცხადი ჯორჯიან ეარვეისმა წარადგინა და პირველი რეისი 18 აპრილსაა დანიშნული".
თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენები საძიებო სისტემებსა და საქართველოს ავიახაზების ვებგვერდზე არ იძებნება. ტაბულა ცდილობს Georgian Airways-თან დაკავშირებას, თუმცა, არც ცხელ ხაზსა და არც თამაზ გაიაშვილის პირად ნომერზე ზარებს არ პასუხობენ.
Share