4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:59:43

დიდუბის ავტოსადგური პრემიერის განცხადებაზე - მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი რეგულაცია, თუ უკანონო მგზავრთგადაყვანა აღმოიფხვრება

By: Admin
2023-04-24 17:21:36
204

საქართველოს მთავრობა ძალიან მალე მიმართავს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხი დარეგულირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ავტოსადგურებში დაკმაყოფილებული არ არის მინიმალური მოთხოვნები და სტანდარტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას საჭიროებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას დიდუბის ავტოსადგურის დამფუძნებელი ნესტორ მიქატაძე გამოეხმაურა.

როგორც ნესტორ მიქატაძე აცხადებს, დიდუბის ავტოსადგური არსებულ პრობლემებზე დიდიხანია საუბრობს და არაერთხელ მიუმართავს ეკონომიკის სამინისტროსთვის, მან ასევე აღნიშნა, რომ დიდუბის ავტოსადგური მზად არის მიიღოს ნებისმიერი რეგულაცია, იმ შემთხვევაში თუ უკანონო მგზავრთგადაყვანა აღმოიფხვრება.

„ამაზე საუბარი დღეს არ დამიწყია, წლებია ვამბობ, რომ ეს სფერო მოსაწესრიგებელია და წლებია ეკონომიკის სამინისტროს ვწერ წერილებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის, მაგრამ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ კანონპროექტი შემუშავების ეტაპზეა. ახლა პირველი ნაბიჯები გადაიდგა მოწესრიგებისთვის. ავტოსადგურების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ან რეგისტრირებულია, მაგრამ აღარც ფუნქციონირებს. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. დიდუბის ავტოსადგური მზად არის ახალი რეგულაციების მისაღებად. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი რეგულაცია, იმ შემთხვევაში, თუ ის მხოლოდ კანონიერად მომუშავე ავტოსადგურებზე არ გავრცელდება და დარეგულირდება უკანონო მგზავრთგადაყვანაც, რაც სექტორისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ მუდმივად გვიწევს არასამართლიანი კონკურენციის პირობებში მუშაობა და კონკურენციის გაწევა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც არ უხდიან სახელმწიფოს არცერთ გადასახადს, მათი ავტომობილები არ გადიან ინსპექტირებას და არც მძღოლებს ამოწმებს ვინმე. როგორც აღვნიშნე, ჩვენი წინადადებები მიწოდებული გვაქვს არაერთხელ. ბოლო სამუშაო ჯგუფში კი ჩართული არ ვყოფილვართ“, - განაცხადა, ნესტორ მიქატაძემ "ბიზნესპრესნიუსთან".

 

Share