
"თეგეტას" ცენტრალურ ფილიალში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #5) სასწავლო ცენტრ "თეგეტა აკადემიის" ახალი ფილიალის გახსნის ცერემონია გაიმართა და საქართველოს განათლების სამინისტროსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ცერემონიას "თეგეტა მოტორსის" მენეჯმენტთან ერთად საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვა მნიშვნელოვანი სტუმრები ესწრებოდნენ.
სასწავლო ცენტრ "თეგეტა აკადემია"-ს მიზანია, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება.
"თეგეტა აკადემიის" ფარგლებში 200-მდე პირმა გაიარა გადამზადება და აქედან 114 პირი დასაქმდა "თეგეტა მოტორსის" სხვადასხვა ფილიალებში.
აკადემიაში სწავლა უფასოა. სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები, მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტრიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდები.
“თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით, "თეგეტა მოტორსს" ამჟამად საქართველოში 22 ფილიალი აქვს. მისივე თქმით, "თეგეტა მოტორსი" პროფესიული კადრების მოზიდვას რეგიონებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს:
""თეგეტა მოტორსს" ამჟამად საქართველოში 22 ფილიალი აქვს და განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში პროფესიული კადრების მოზიდვა, რადგან დღესდღეობით არსებული კადრების კვალიფიკაცია საკმარისი არაა. შესაბამისად, საჭიროა მათი გადამზადება. "თეგეტა მოტორსის" აკადემია სწორედ რომ უზრუნველყოფს, განსაკუთრებით რეგიონებში ასეთი კადრების მოზიდვას, მომზადებას , დატრენინგებას და შემდგომ შეთავაზებას, ადგილზე სერვისებში დასაქმდნენ და იმუშაონ თავიანთი პროფესიით. ძალიან მნიშვნელოვანია "თეგეტა მოტორსისთვის" ასეთი სასწავლებლის გახსნა. ვფიქრობთ, ეს ერთი ორად გაზრდის პროფესიონალიზმს. ჩვენი მომხმარებელი უფრო საიმედოდ იქნება დაცული. ავტომობილი ძალიან ფაქიზი თემაა. თუ თქვენ ექიმი გმკურნალობთ, მას რომ დიპლომი არ ჰქონდეს, ხომ არ წარმოგიდგენიათ?! ასევე მიგვაჩნია, თუ ავტოსერვისში მუშაობს მექანიკოსი, მას უნდა ჰქონდეს სპეცილური განათლება, ცოდნა და დიპლომი იმისათვის, რომ ის აკეთებს ავტომობილს. ამიტომაა აუცილებელი ასეთი სასწავლებლის გახსნა",-აღნიშნა გიორგი მშვილდაძემ.
მისივე განმარტებით, "თეგეტა აკადემიის" სასწავლო ცენტრი მიმდინარე წლის ბოლოსთვის ავტორიზაციას გაივლის:
"ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, ამ წლის ბოლოსათვის მივიღებთ ავტორიზაციას. რეგიონებშიც ვფიქრობთ სპეციალური სასწავლებლის გაკეთებას. ეს იქნება ბათუმი, ქუთაისი...",-განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.
რაც შეეხება კრიტერიუმს, რომლითაც მოხდება სასწავლო ცენტრში პირების შერჩევა, გიორგი მშვილდაძის თქმით, ყურადღება მიექცევა არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ ნაწილს:
"როცა პირი ირჩევს სპეციალობას, იმ სპეციალობით მუშაობის სურვილი უნდა ჰქონდეს, უნდა ეხერხებოდეს მისი გაკეთება, მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არაა, პრაქტიკულ ცოდნასაც ძალიან ვუყურებთ. პრაქტიკული და თეორიული ცოდნის სინთეზი არის საშუალება, დავაკვირდეთ. თუ დავრწმუნდებით, რომ პირს შეუძლია პრაქტიკულად გააკეთოს საქმე, დიპლომი სწორედ დამადასტურებელია იმისა, რომ ის პროფესიონალი კადრია",-განაცხადა “თეგეტა მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა.
"თეგეტა აკადემია" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, წამყვან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან. ატარებს როგორც სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს, ასევე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის სტუდენტებისთვის.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ "საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია "თეგეტა მოტორსი" დუალური პროფესიული განათლების ახალ ტალღას შეუერთდა".
მისივე შეფასებით, "თეგეტა მოტორსის" ბაზა საქართველოში საუკეთესოა და ასეთი სასწავლო ბაზის შექმნა სრულ კომფორტსა და შესაძლებლობას ქმნის მოსწავლეებისთვის, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ:
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია "თეგეტა მოტორსი" შეუერთდა პროფესიული დუალური განათლების ახალ ტალღას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს განვითარების 4 პუნქტიან გეგმაში, პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების სისტემა და მათ შორის კონკრეტულად დუალური პროფესიული განათლების განვითარება. მოწინავე კომპანიების იმედი გვაქვს პირველ რიგში, რომ ისინი თავის რესურსებს გამოიყენებენ, თავის ცოდნას და პერსონალს გამოიყენებენ, რათა ახალ თაობას ასწავლონ, მისცენ ხარისხიანი პროფესიული განათლება დუალურ საწყისებზე, რაც ნიშნავს ერთდროულად სწავლას და მუშაობას. "თეგეტა მოტორსის" ბაზა არის საუკეთესო ამ ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთი სასწავლო ბაზის შექმნა, ფაქტობრივად, სრულ კომფორტსა და შესაძლებლობას ქმნის მოსწავლეებისთვის, რომ საუკეთესო პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
რაც შეეხება თვითონ სფეროს მნიშვნელობას, ტრანსპორტის მიმართულებით პროფესიონალ კადრებზე სულ უფრო მაღალი მოთხოვნა იქნება, სულ უფრო მაღალი სტანდარტები იქნება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ყველა მიმართულებით გვექნება საჭიროება. დღევანდელი შეფასებით, ჩვენ, ასე ვთქვათ, დაახლოებით 50 000 ადამიანი გვაკლია პროფესიული განათლების ტერიტორიაზე სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით და ამ სიცარიელის შევსება სწორედ მოწინავე კომპანიების ძალისხმევით უნდა მოხდეს. მინდა, მივულოცო "თეგეტა მოტორსის" ხელმძღვანელებს, ვუსურვო წარმატება, აღვუთქვა მხარდაჭერა ჩვენი მთავრობისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "თეგეტა მოტორსი" გეგმავს რეგიონებში ამ ქსელის განვითარებას იმიტომ, რომ პროფესიული განათლება ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადია რეგიონებში და რეგიონის მაცხოვრებლებისთვის არის საშუალება, ძალიან მოკლე დროში მიიღონ ძალიან ღირსეული პროფესია, სამსახური და ღირსეული ცხოვრების საშუალება",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ უნივერსიტეტთან შედარებით, პროფესიული კოლეჯის სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლი ორჯერ მეტია:
"ორჯერ უფრო მეტი დასაქმება აქვთ კოლეჯებს, ვიდრე- უნივერსიტეტებს. დაახლოებით 40% უნივერსიტეტიდან დასაქმებულთა რაოდენობაა და 70 %-ზე მეტია კოლეჯებში დასაქმებულთა რაოდენობა. თეგეტას შემთხვევაში ეს 100% იქნება, ყოველშემთხვევაში, 90%-ზემეტი. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ხარისხიანი ახალი სასწავლო დაწესებულებები გვჭირდება. პროფესიული განათლება არ უნდა იყოს მეორადი არჩევანი, თუ ვერ ჩააბარა უნივერსიტეტში ამ შემთხვევაში. განვითარებულ ქვეყნებში ოჯახები ამაყობენ თავისი შვილებით, რომლებიც სწორედ ირჩევენ ხელობას, პროფესიულ განათლებას. პროფესიულ სასწავლებლებში წასული მოსწავლეების ქულები ყოველწლიურად იზრდება. ანუ, სულ უფრო მეტი აკადემიური თვალსაზრისით კარგი მოსწავლე ირჩევს პროფესიულ განათლებას და დარწმუნებული ვარ, შემავალი ნაკადის ხარისხის ზრდა, გამომავალი ნაკადის ხარისხის ზრდას გამოიწვევს",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
"თეგეტა აკადემია" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.
(R)
Share