2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:54:05

სამივე აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიებით და ბორტებით - აეროპორტების გაერთიანება

By: Admin
2023-05-15 11:50:47
204

სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში,- აღნიშნულ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, განსხვავებული მიდგომა არცერთი საერთაშორისო აეროპორტის მიმართ არ იქნება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვარტოთ: 

გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არც ერთ საერთაშორისო აეროპორტებს შორის არ იქნება",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

Share