
ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “დმ-ანსი“ 95 % -იანი თანადაფინანსებით 98 000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა.
კოოპერატივმა საკუთარი თანამონაწილეობის ფარგლებში საწარმო ააშენა.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის საშუალება, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, მცირე ფერმერული მეურნეობები გარდაიქმნან დიდ მეურნეობებად, შექმნან დოვლათი, აწარმოონ მეტი პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი“,- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ხუცაიძემ კოოპერატივის „დმ-ანსი“ წევრებთან შეხვედრისას, სადაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
“დმ-ანსის“ კოოპერაციულ საწარმოში წლიურად 45 ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 13 ადგილობრივ წევრს აერთიანებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „შვანრე“ ხორციელდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 29 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა.
Share