4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:52:36

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ITF-ის მინისტერიალზე საქართველოსა და EU-ს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა

By: Admin
2023-05-28 17:21:55
204

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა  ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.  

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალში 80 - ზე მეტი ქვეყნის, დაახლოებით, 1 400 წარმომადგენელი მონაწილეობს. წლევანდელი სამიტის ძირითადი თემა იყო „ტრანსპორტი, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკებს“.

"მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთბრუნვა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში, რაც, ძირითადად, განაპირობა რეგიონში შექმნილმა მდგომარეობამ. 

მან ყურადღება გაამახვილა ცალკეულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ფოთის პორტების გამტარუნარიანობის ზრდაზე, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვ, რომელთა მეშვეობითაც მომდევნო წლებში საქართველო შეძლებს ევროპისა და აზიას შორის არსებული ტვირთბრუნვის მდგრად მომსახურებას.

საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე - გაბრიელ ბუნდუკთან. შეხვედრა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავ ზღვაზე ორ ქვეყანას შორის საზღვაო მიმოსვლის უფრო მეტი ინტენსიფიკაციის შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარებას საქართველოსა და რუმინეთს შორის, არამედ შეძლებს მოიზიდოს საქართველოზე გამავალ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთები ევროპასა და აზიას შორის.

გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ, ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ პროცესს. 

მინისტერიალის ფარგლებში, გურამ გურამიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა მონღოლეთის დელეგაციასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი.

საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა, ასევე წარმოადგენდნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერეკლე კეჟერაშვილი",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

Share