4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:35:42

საქსტატი - I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4%-ით გაიზარდა

By: Admin
2023-06-05 11:26:03
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა და 44.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც - 2023 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 15.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

"2023 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 69.3 პროცენტი მოდის
მსხვილ ბიზნესზე, 14.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 16.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.8 პროცენტი.

2023 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების
მთლიანმა ყიდვებმა 24.1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.0
პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 15.7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 716.1 ათასი
კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალია, ხოლო 56.7 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი
- საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 677.2 ათასი კაცი შეადგინა
(გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა
მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3 645.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 26.2 პროცენტით მეტი).

2023 წლის I კვარტალში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური
ხელფასი 1 759.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 279.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 208.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.

2023 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე
მაღალი წილი - 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის
ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.3 პროცენტიანი
წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა
- 4.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით,
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.4 პროცენტიანი
წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

Share