
საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე სხვა დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, ხორციელდება ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი, რომელიც მიზნად ქვეყნის ციფრული შესაძლებლობების ათვისებასა და განვითარებას ისახავს. აღნიშნულ ინფორმაციას კომუნკაციების კომისია ავრცელებს.
ფორუმის გახსნით ღონისძიებაში, ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ მიიღო მონაწილეობა. იმედაძესთან ერთად, ღონისძიება USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ და Skills Agency of Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, თამარ კიტაიშვილმა გახსნეს.
ეკატერინე იმედაძემ, თავის სიტყვაში ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წლის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციაა, რაც სატელეკომუნიკაციო ეკოსისტემისთვის არსებულ აქტუალურ თემატიკას მთლიანად პასუხობს. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა კომუნიკაციების კომისიის როლს საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და პოტენციალის ათვისების მიმართულებით.
„სატელეკომუნიკაციო და მასზე დაშენებული ციფრული მომსახურებების სექტორი ყველაზე უფრო მეტად „გლობალური" კონტექსტის მქონე სეგმენტია. ციფრული ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ციფრული პოტენციალის გახსნის და ამ თვალსაზრისით მოწინავე გლობალური პოზიციის დამკვიდრებისთვის ვფიქრობ, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს - რადგან სწორედ ტელეკომის ინფრასტრუქტურაზე უნდა გაიაროს ციფრულმა მომსახურებებმა. ამასთან კომუნიკაციების კომისია, როგორც დარგის ზედამხედველი თავის უპირველეს ამოცანებში განსაზღვრავს სწორედ ტელეკომის ბაზრის გახსნას - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვებას, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაზიარების ჩარჩოს შექმნას, ასევე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური უპირატესობების რეალიზებას, მოქნილი და ჰარმონიზებული სარეგულაციო გარემოს მაქსიმალურად მოქნილობას. ეს ფაქტორები თავის მხრივ ეხმარება ციფრულ ეკონომიკაში ინვესტიციების წახალისებას და ინოვაციური სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ბიზნეს მოდელების შექმნას - რაც საქართველოსთვის ციფრული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ნიშა შეიძლება გახდეს",- განაცხადა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ.
Share