
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს და, შესაბამისად, მისი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში სხვადასხვა მიმართულებით.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“ მუდმივად ზრუნავენ პროგრამების მოდიფიცირება-განახლების კუთხით, რათა ისინი იმ საჭიროებებზე იქნას მორგებული, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს კონკრეტულ მოცემულობაში აქვს.
„მინდა, ხაზი გავუსვა, მაგალითად, პანდემიის პერიოდს, როდესაც ჩვენ მთლიანად გადავაწყეთ პროგრამები იმ საჭიროებებზე, რაც დაკავშირებული იყო მაშინ არსებული გამოწვევების გადალახვასთან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ხდებოდეს პროგრამების ეფექტურობის, მათი ზეგავლენის შეფასება - ეს საშუალებას გვაძლევს, რომ დროულად მივიღოთ ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილებები პროგრამების დიზაინის ცვლილებასთან დაკავშირებით, ვიზრუნოთ ამა თუ იმ სექტორისთვის ახალი ინსტრუმენტების შემოღებაზე, რაც მუდმივად ხდება „აწარმოე საქართველოში“ არსებობის განმავლობაში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ძალიან წარმატებული ინსტრუმენტი - საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი გახდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ათი წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამების ეკონომიკური გავლენის პრეზენტაციას დღეს საჯარო უწყებების, დონორი ორგანიზაციების და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს პროგრამების ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული შედეგები გააცნო.
სააგენტოს არსებობის მანძილზე, ანუ 10 წლის განმავლობაში მის მიერ დაფინანსდა 11,000 - მდე პროექტი, ჯამურად კი 60,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამასთან, მნიშვნელოვანია სესხის პროცენტის სუბსიდირების ეფექტი - სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.
Share