
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.0-პროცენტიანი კლება.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის მაისთან შედარებით ფასები 2.5 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.16 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
მათივე ინფორმაციით, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 2.9-პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე. ამავე პერიოდში ფასები 0.9 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.72 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 8.6-პროცენტიანი კლება ძირითად ლითონებზე. გარდა ამისა, ფასების 3.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.27 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
"12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 8.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 13.1-პროცენტიანი კლება ლითონის მადნებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 5.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -4.79 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-36.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-22.3 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 4.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.4 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 8.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.23 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
Share