
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება.
ბესელიას თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები, როგორც განსკუთრებული რესურსი, მისი მესაკუთრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო იქნება.
"ამავე დროს, იცით, რომ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით, ინიცირებული იყო პროექტი. დღეს, გადაწყვეტილება მივიღთეთ და ახლა სპეციალური პროცედურით, ამ პროექტის უკან გამოწვევის თაობაზე შესაბამისი წერილი მზადდება და დღეს ახალ ცვლილებას დავარეგისტრირებთ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ და მისი წინაპირობა იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, ანუ, ძალაში შესვლამდე, მორატორიუმი იქნება გამოცხადებული და ამ დროში მიწების ყოველგვარი გასხვისება შეჩერდება. ასევე მოკლე ვადაში ორგანულ კანონში ცვლილება შემუშავდება იმ საბოლოო ფორმულირებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტიუციური ჩანაწერის“, - აღნიშნა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მორატორიუმი იმ მუხლს შეეხება, რომელიც დღეს მოქმედ კანონში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, გასხვისების შესაძლებლობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტოვებს .
„მორატორიუმი წინა პარლამენტში იყო გამოცხადებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი სხვა იყო. ამჯერად, სხვა საფუძველი იქნება მითითებული და ეს კონსტიტუციური ჩანაწერი გახლავთ, რომელიც საბოლოო ჩარჩო უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრავს სასოფლო-სამურნეო მიწებზე საკუთრების უფლების სუბიექტებს“, - განაცხადა ბესელიამ.
Share